Sunday, June 13, 2010

Monday, June 7, 2010

„ალკანები“ ანუ „პარაფინები“ ნაჯერი ნახშირწყალბადებია ანუ ისინი შედგებიან მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან. ალკანების უჯერი ნახშირწყალბადებისაგან ძირითადი განსხვავებაა ისაა, რომ ალკანებში ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ მარტივი ბმებით ანუ ნახშირბადის თითოეული ატომი დაკავშირებულია წყალბადის ატომების მაქსიმალურ რაოდენობასთან (ანუ ნახშირბადი გაჯერებულია წყალბადით).

განასხვავებენ ციკლურ და წრფივ (არაციკლურ) ალკანებს.

წრფივი ალკანების ჯგუფური ზოგადი ფორმულაა: CnH2n+2 სადაც n არის მთელი რიცხვი.



ალკანების კლასის პირველი წარმომადგენლებია :
მეთანი- CH4
ეთან- C2H6
პროპანიC3H8
ბუტანი- C4H10
პენტანი C5H12
ჰექსანი C6H14
ჰეპტანიC7H16
ოქტანი- C8H18
ნონანი- C9H20
დეკანიC10H22
ბუტანიდან (n=4) მოყოლებული შესაძლებელია ერთი და იმავე შედგენილობის ალკანის ატომთა ერთმანეთთან დაკავშირების ერთზე მეტი სქემის წარმოდგენა, ანუ ორ ან მეტ ნივთიერებას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ქიმიური შედგენილობა. ამ მოვლენას იზომერია ეწოდება, ხოლო ერთი და იმავე შედგენილობის მაგრამ განსხვავებული აღნაგობის ნივთიერებებს იზომერები ეწოდებათ. იზომერთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება მოლეკულაში ნახშირბადის ატომთა რაოდენობის ზრდის კვალად.

Wednesday, May 12, 2010

გლობალური დათბობა


გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. თარგი:დედამიწა

Monday, March 15, 2010

ნარკOFFმანია

რამდენად უსაფრთხოა ციფრული მარიხუანა?


”რუნეტი” აუდიონარკოტიკების შეთავაზების იდეამ მოხიბლა - მათი მწარმოებლები მომხმარებლებს მრავალფეროვანი შეგრძნებების სრულ სპექტრს ჰპირდებიან, რომელთა მსგავს ეფექტსაც ნამდვილი ნარკოტიკი იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხმარებლებს კანონთან და ნარკოდამოკიდებულების პრობლემა არ შეექმნებათ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა სარეკლამო სატყუარა და თუ ”აუდიონარკოტიკების” მომხმარებლებს კანონთან არ შეექმნებათ პრობლემები, მათ გამო ჯანმრთელობის გაუარესება სავსებით შესაძლებელია.
ბინაურალური რითმების საფუძველზე ჩაწერილი აუდიოჩანაწერები მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მათი გასაღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხია - პროგრამა I-Doser. ეს უფასო კომპიუტერული დამატებაა, რომლისთვისაც განსაკუთრებული ფორმატის ხმოვან ”დოზებს” ყიდულობენ და რომელთა დაკვრაც მხოლოდ მყიდველის კომპიუტერშია შესაძლებელი.
ინტერნეტმომხმარებლები, რომლებმაც დაიჯერეს რეკლამა და აუდიონარკოტიკები გასინჯეს, როგორც წესი, სულაც არ არიან შედეგით აღფრთოვენებულნი, მათ შორის - ფინანსური რეზულტატითაც.

ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

10 ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
შეამცირეთ კიბოს რისკი


1. დაიცავით მარხვა, კონტროლზე აიყვანეთ საკუთარი კვების რეჟიმი, გამოიმუშავეთ ჯანსაღი კვების კულტურა. კვებაზე, როგორც სიცოცხლის შესანარჩუნებელ ძირითად ცხოველმყოფელურ ფუნქციაზე, დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. არასწორი კვება არის მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებისა და ნაადრევი სიკვდილის ძირითადი მიზეზი. სწორი კვებით ადამიანი ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობას, თავიდან იცილებს დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარებას, იკურნება მრავალი სენისაგან, იხანგრძლივებს სიცოცხლეს, იმაღლებს ცხოვრების ხარისხს.
მარხვის დაცვით ადამიანს კონტროლზე აჰყავს საკუთარი კვება, ინარჩუნებს ან აღწევს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს.
კვების რაციონის სწორი შერჩევითა და დიეტის დაცვით ადამიანი გამოიმუშავებს ჯანსაღი ცხოვრების კულტურას, იმაღლებს მის ხარისხს, ხელს უწყობს პიროვნულ შემოქმედებით განვითარებასა და მის მაქსიმალურ გამოვლენას.

2. კვების რაციონში საგრძნობლად შეამცირეთ ცხოველური საკვების, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების, დაკონსერვებული, შებოლილი და დამარილებული საკვები პროდუქტების ხვედრითი წილი. საკვებში ცხოველური ცხიმების მაღალი შემცველობა ზრდის საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
საყლაპავისა და კუჭის კიბოთი ავადობა მაღალია იმ ქვეყნებში და რეგიონებში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული შებოლილი, დამარილებული და დაკონსერვებული საკვები პროდუქტების გამოყენება. უარი თქვით აღნიშნულ საკვებ პროდუქტებზე, და თუ მაინცდამაინც ძალიან გიყვართ ისინი, ხანგრძლივად შეამცირეთ მათი შემცველობა კვების რაციონში.

3. კვების რაციონში საგრძნობლად გაზარდეთ ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის რაოდენობა. ეპიდემიოლოგიური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბოჭკოვანი მცენარეულით მდიდარი საკვები იცავს ადამიანს კოლორექტალური, კუჭისა და რესპირატორული ორგანოების კიბოთი დაავადებისაგან. გარდა ამისა, მცენარეული საკვები პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებს.

4. მეტი რაოდენობით მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები და ზომიერად-მინერალები. ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავენ მცენარეული საკვები პროდუქტები და ხილის ნატურალური წვენები, ხოლო მინერალებს-ბუნებრივი მინერალური და წყაროს წყლები. ვიტამინი A ხელს უწყობს ადამიანის დაცვას საყლაპავის, ხორხისა და ფილტვის კიბოსაგან. მას დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო. ვიტამინი ჩ იცავს ადამიანს საყლაპავის, კუჭისა და ფილტვის კიბოთი დაავადებისაგან. მას დიდი რაოდენობით შეიცავენ ციტრუსები. უპირატესობა მიანიჭეთ ხილის ნატურალურ წვენებს. საქართველოს მინერალური და წყაროს წყლები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს.

5. კონტროლზე აიყვანეთ საკუთარი წონა, ასევე კვების რაციონში შაქრის, საკონდიტრო და ცომეული ნაწარმის რაოდენობა და სიხშირე, ვარჯიშით, სპორტითა და წყლის პროცედურებით გაიკაჟეთ ჯანმრთელობა. სიმსუქნის დროს იზრდება მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკი. ჭარბი წონა დაკავშირებულია საშვილოსნოს ტანის, ნაღვლის ბუშტის, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. ჭარბ ცხიმოვან ქსოვილში ანდროსტენდიოლი გარდაიქმნება ესტრადიოლად, ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ჰიპერესტროგენია ქალის სასქესო ჰორმონის კონცენტრაციის მომატება სისხლში, რითაც ხელსაყრელი პირობები იქმნება ჰორმონო-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვის. დაბალკალორიული კვება და ფიზიკური ვარჯიში დაგიცავთ ჭარბი წონისაგან. ფეხით სიარული, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული იშემიური დაავადებების დროს და სირბილი წარმოადგენს ვარჯიშის იდეალურ ფორმას მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ინდივიდუალური რეკომენდაციები აქტიური სპორტისა და სპეციალური დიეტის შესახებ მიიღეთ თქვენი ოჯახის ექიმისგან.

6. უარი თქვით თამბაქოს მოწევაზე. თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს აეროდიგესტიური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს, ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, საზოგადოებას აყენებს უდიდეს ინტელექტუალურ და ეკონომიურ ზარალს, აფერხებს მის განვითარებას.
კიბოს გამომწვევ ძირითად მიზეზთა შირის თამბაქოს მოწევა წარმოადგენს უდიდესი რისკის ფაქტორს. ამ ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს 30%-ის განვითარება. ფილტვის კიბოს 90% გამოწვეულია თამბაქოს მოწევის მიზეზით. თამბაქოს შემადგენელი და მისი წვის შედეგად წარმოქმნილი მაღალი კონცენტრაციების კარცეროგენული ნივთიერებების ქრონიკული ზემოქმედების მიზეზით ვითარდება ასევე პირის ღრუს, ხორხის, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და რეპროდუქციული სისტემების ორგანოთა კიბო.
თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორიცაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი.
ქრონიკული ტოქსიკური და კარცინოგენული ზემოქმედების შედეგად თამბაქოს მწეველთა 80%-ზე უნვითარდება გენეტიკური, მათ შორის P53 გენის დაზიანება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს განვითარებაში. ამავე დროს, მწეველთა ორგანიზმში მატულობს ინსულინის, გასტრინ-როლიზინგ პეპტიდეს რეცეპტორთა რაოდენობა, ირღვევა უჯრედთა გაყოფის რეგულაცია, რომლის შედეგად იწყება არაკონტროლირებადი სიმსივნური ზრდა, კიბოს განვითარება, იმუნური და ფსიქიური დეპრესია, ავთვისებიანი პროცესის პროგრესირება, და საბოლოო ჯამში, სიკვდილის ეს მექანიზმი სრულდება თამბაქოს მიზეზით კიბოთი დაავადებული ადამიანის გარდაცვალებით.
თამბაქოს მოწევის შედეგად განვითარებული დაავადების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000 - 500 000 ადამიანი იღუპება. თამბაქოს მწეველთა ოჯახში მცხოვრები 10 ბავშვიდან 9 დაუცველია თამბაქოს პასიური წევისაგან. თამბაქოს პასიური მოწევის შედეგად მსოფლიოში 700 მილიონი ბავშვი იმყოფება თამბაქოს კვამლის საზიანო ზემოქმედების "ექსპოზიციის" ქვეშ. ექსპოზირებულ ბავშვთა 70% -ზე მეტს მომატებული აქვს რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის ფილტვების ფუნქციის დაქვეითების, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის, ბრონქული ასთმის რისკი. გარდა ამისა, თამბაქო ბავშვთა 30%-ში იწვევს სმენის დაქვეითებასა და დაყრუებას. ბავშვთა სიკვდილიანობის 25 დაკავშირებულია თამბაქოს კვამლის ექსპოზიციასთან.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემოსაღებია თამბაქოს ნაწარმში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის მარეგლამენტირებელი სანიტარულ-ჰიგიენური სახელმწიფო სტანდარტები, რომელთა სავალდებულო დაცვის მონიტორულ კონტროლზე აყვანით შემცირდება აქტიურ და პასიურ მწეველთა ტოქსიკური და კარციროგენული დატვირთვა. განათლების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლის დაწყებითი კლასებიდან შემოსაღებია ჯანმრთელი ცხოვრების წესის სასწავლო პროგრამები. მას-მედიის საშუალებებმა თავიანთ პროგრამებში უნდა გაზარდონ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ მოსახლეობის სანიტარული განათლება და მავნე ჩვევების უფასო ანტი-რეკლამირება. პარლამენტის მიერ მისაღებია კანონთა ინტრასექციული პაკეტი, რომელიც ადეკვატური ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ფორმის შემოღების საშუალებით მოახდენს თამბაქოს ნაწარმის წარმოებს, ექსპორტ-იმპორტისა და ვაჭრობის რეგლამინეტირებას; აკრძალავს მის რეკლამირებას ყველა სახის საშუალებით და შემოიღებს უფასო ანტი-რეკლამირებას; დააწესებს სავალდებულო ტესტირებას, სააქციო გადასახადებსა და ჯარიმებს; დაიცავს არამწეველ მოსახლეობას თამბაქოს კვამლის ჯანმრთელობისათვის საზიანო და სიცოცხლისათვის საშიში ზემოქმედებისაგან.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია გაფრთხილებთ, რომ თამბაქოს მოწევა საშიშია თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების სიცოცხლისათვის.

7. უარი თქვით თქვით შემთხვევით სექსუალურ კავშირებზე. არაკონტროლირებადი სექსუალური ცხოვრების დროს ძალზე მაღალია საქსუალური გზით გადამდებ დაავადებათა განვითარების რისკი. საკმარისია ერთი შემთხვევითი სექსუალური კავშირი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, როგორც შიდსის (HIV), ისე სექსუალური გზით გადამდები სხვა მრავალი ვირუსითა და ბაქტერიით. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) მტარებელ პაციენტებში ვითარდება ავთვისებიანი დაავადება - კაპოშის სარკომა. ადამიანის პაპილომისა (HPV) და მარტივი ჰერპეს (HSV) ვირუსებით ინფიცირებულ პაციენტებში ძალზე მაღალია გენიტალური ორგანოების კიბოს განვითარების რისკი.

8. დაიცავით ზომიერება ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. თუ თქვენ ბევრს სვამთ, მაღალია თქვენი ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკი. თუ სმასთან ერთად თამბაქოსაც ეწევით, კიდევ მეტად იზრდება თქვენი პირის ღრუს, ხორხისა და საყლაპავის კიბოთი დაავადების რისკი. თუ მაინც იძულებული ხართ მიიღოთ ალკოჰოლი, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია გირჩევთ დაიცვათ ზომიერება - დალიოთ ქართული ნატურალური ღვინო.

9. უარი თქვით ნარკოტიკების მიღებაზე. ნარკოტიკული ნივთიერებების ყოველ მიღებასთან ერთად იზრდება მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკი. ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევენ ადამიანის ფიზიკურ და სულიერ დეგრადაციას, წარმოადგენენ ნაადრევი სიკვდილის მიზეზს.

მარიხუანა შეიცავს უფრო მეტი რაოდენობის კუპრსა და კარციროგენულ ნივთიერებებს, ვიდრე თამბაქო, შესაბამისად, მარიხუანას რეგულარული მწეველები არიან კიბოთი დაავადების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე თამბაქოს მწეველები. ნარკომანებში, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებენ ინტრავენურად, მაღალია დაავადების რისკი ინფექციური ჰეპატიტით (ბოტკინის დაავადება), შიდსით, კაპოშის სარკომით, ღვიძლის ცეროზითა და კიბოთი. ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენური გზით მომხმარებელთა უმრავლესობა წარმოადგენს B და C ჰეპატიტის ვირუსების მტარებელს. B და, განსაკუთრებით, C ჰეპატიტის ვირუსები განეკუთვნებიან ღვიძლის კიბოს ეთიოლოგიურ ფაქტორებს. ეთიოლოგიური ფაქტორების ქრონიკული ექსპოზიციის გამო ნარკომანთა აღნიშნულ კონტიგენტში განსაკუთრებით მაღალია ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკი. რის გამოც ისინი საჭიროებენ სპეციალურ კონტროლზე აყვანას და სამედიცინო დახმარებას.

10. თავი მოარიდეთ დასხივებას და მზის სხივებით გადამეტებულ გარუჯვას. მაიონიზირებელ რადიაციასთან, მზის ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზებით მიღებასთან და მაგნიტური ველების ქრონიკულ ზემოქმედებასთან მიზეზ-შედეგობრივად არის დაკავშირებული კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სხვა მრავალი ორგანოს კიბოს, სისტემური ავთვისებიანი დაავადების, ლეიკოზების, სისხლის ავთვისებიანი დაავადებების და სხვა დაავადებების განვითარება. დაიცავით თავი მზის სხივების ზემოქმედებისაგან 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობით, განსაკუთრებით მზის მაქსიმალური აქტივობის საათებში-დღის 11-დან 15 საათამდე, ასევე უარი თქვით ხელოვნურ გარუჯვაზე.



ნარკოტიკები

ნარკოტიკულ ნივთიერებებს გააჩნიათ თვისება, ისე იმოქმედონ ადამიანზე, რომ გამოიწვიონ ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევა - დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი "ზარმაცდება", მას აღარ სჭირდება გარემოში ეძიოს სიამოვნების მომტანი ახალი მოვლენები თუ ურთიერთობები, იყოს ინტერესიანი და მიზანდასახული. ყველაფერ ამას "კაიფი" და ნარკოტიკის მორიგი დოზა უცვლის, რომლის მოპოვებაც თავისთავად იქცევა ცხოვრების მთავარ მიზნად. ფიზიკურ დამოკიდებულებას კი იმ ნეიროქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების დარღვევა განაპირობებს, რომელიც უზრუნველყოფენ სიამოვნების ბუნებრივ პროცესს. საბოლოო ჯამში, ნარკომანის ცხოვრებას მთლიანად ნარკოტიკი განსაზღვრავს.


ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით, კანაბისის სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რასაც 5 ღერი სიგარეტი.
ბრიტანულ ჟურნალ "სორაქსში" გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.

მედიკამენტური დამოკიდებულება


მედიკამენტური დამოკიდებულება – სინდრომი, რომელიც ვითარდება ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგად; ხასიათდება აღნიშნული ნივთიერებების მიღების მოთხოვნილების არსებობით იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას მოცემული სამკურნალო საშუალებების მიღების შეწყვეტის ან მათი ანტაგონისტების გამოყენების შედეგად აბსტინენციის სინდრომის ან ფსიქიკური დარღვევების და დისკომფორტის მდგომარეობის განვითარება.
მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარების უნარი გააჩნიათ არა მარტო ფსიქოტროპული აქტივობის მქონე საშუალებებს (მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები, ბარბიტურატები, კოკაინი და სხ.), არამედ ზოგიერთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და პროდუქტებს (მაგალითად, ინდური კანაფის პრეპარატები, ჰალუცინოგენური ნივთიერებები, ორგანული გამხსნელები და სხ.), რომლებიც არ გამოიყენებიან სამკურნალო საშუალებების სახით. აქედან გამომდინარე, ტერმინი ”დამოკიდებულება” ხშირად გამოიყენება განსაზღვრება ”მედიკამენტურის” გარეშე, რაც ერთდროულად მიუთითებს ყველა იმ ნივთიერებაზე, რომელმაც გამოიწვია მედიკამენტური დამოკიდებულება ( მაგალითად, მორფინით, კოდეინით, ალკოჰოლით გამოწვეული დამოკიდებულება). სინდრომი ყალიბდება ორგანიზმში ფსიქოტროპული ნივთიერებების განმეორებით შეყვანის შემთხვევაში და გამოიხატება ნარკომანიისთვის და ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით. თუმცა, ტერმინების ”ნარკომანია” და ”ტოქსიკომანია” მაგივრად ტერმინის ”დამოკიდებულება” გამოყენება არამიზანშეწონილია შემდეგი მიზეზების გამო. უპირველეს ყოვლისა მედიკამენტური დამოკიდებულება წარმოადგენს აღნიშნული ნოზოლოგიური ფორმების საერთო კლინიკური სურათის მხოლოდ ერთ–ერთ კომპონენტს. გარდა ამისა, არსებობენ ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნალორფინი, ციკლაზოცინი), რომელთაც გააჩნიათ მედიკამენტური დამოკიდებულებისთვის დახასიათებელი ნიშნები, თუმცა არ ხდება მათი ბოროტად გამოყენება და არ იწვევენ ნარკომანიისთვის და ტოქსიკომანიისთვის დამახასიათებელი თვისებების განვითარებას.
განასხვავებენ ფსიქიკურ (ფსიქოლოგიურ) და ფიზიკურ მედიკამენტურ დამოკიდებულებას. ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების დროს, მისი გამომწვევი ნივთიერების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება ემოციური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი. მისთვის, აგრეთვე, დამახასიათებელია აღნიშნული ნივთიერების მიღებისკენ მიდრეკილება, რამაც შესაძლოა მიიღოს აკვიატებული ხასიათი და ზოგჯერ ჩამოყალიბდეს გადაულახავი მიდრეკილებაც კი. ფიზიკური მედიკამენტური დამოკიდებულების შემთხვევაში, მისი გამომწვევი ნივთიერების ან სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შედეგად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი, რაც, ფსიქიკურ დარღვევებთან ერთად, ხასიათდება სომატურ–ვეგეტაციური და ნევროლოგიური დარღვევებით. ფიზიკური დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების ანტაგონისტების ორგანიზმში შეყვანამ შესაძლოა განაპირობოს აბსტინენციის სინდრომის განვითარება. აბსტინენციის კლინიკური სურათი და მისი მიმდინარეობა ძირითადად განისაზღვრება მედიკამენტური დამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოტროპული ნივთიერების ტიპით, მისი გამოყენების ხანგრძლივობით, გამოყენებული დოზების სიდიდით და სხ.
მრავალმა ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი და მორფინის მსგავსი სხვა ნივთიერებები, ბარბიტურატები, ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფიდან და სხ.) შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. ამასთან, არსებობენ ფსიქოტროპული ნივთიერებები (კოკაინი, ინდური კანაფის პრეპარატები, ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი), რომლებიც, უპირატესად, იწვევენ ფსიქიკურ დამოკიდებულებას. მედიკამენტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხშირად თან სდევს მიჩვევის განვითარება, რაც განსაკუთრებით გამოხატულია მორფინის და სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკების ბოროტად გამოყენების დროს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მედიკამენტური დამოკიდებულების მკვეთრი კლინიკური სურათის ჩამოყალიბების მიუხედავად, მიჩვევა უმნიშვნელოდ ვითარდება (მაგალითად, ინდური კანაფის პრეპარატების, კოკაინის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში).
მედიკამენტური დამოკიდებულების სინდრომის განვითარების მექანიზმები ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც ჩანს, ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოტროპული ნივთიერებების უნარი შეცვალოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რამეთუ მრავალი მათგანი (ნარკოტიკული ანალგეტიკები, ფსიქოსტიმულატორები, სედაციური და საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ალკოჰოლი) გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, აღქმის უნარზე, აზროვნებაზე, იწვევს ეიფორიას, ამცირებს შიშის შეგრძნებას, დაძაბულობას. ამასთან დაკავშირებით, წინასწარ მიდრეკილი ფსიქოლოგიური, ბიოქიმიური, გენეტიკური, სოციალური და სიტუაციური ფაქტორების გამო, პიროვნებათა გარკვეულ ჯგუფს, კომფორტული მდგომარეობის და ეიფორიის მიღწევის ან შიშის, მოუსვენრობის, მღელვარების შემცირების მიზნით, შესაძლოა ჩამოუყალიბდეს გარკვეული მოთხოვნილება რომელიმე ფსიქოტროპული პრეპარატის განმეორებით მიღების მიმართ. ასეთი სახის ხელოვნური მოთხოვნილების უკიდურეს ფორმას წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნაერთების მიმართ პათოლოგიური მიდრეკილების ფორმირება, ნარკომანიის ან ტოქსიკომანიის შედგომი განვითარებით.
ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების გამოვლინებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფსიქოტროპული საშუალებების სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების დროს ნევროზულ ავადმყოფებში ან შიშებით და ეჭვებით შეპყრობილ ადამიანებში, რომლებიც უარყოფითი აფექტური რეაქციების გამომწვევ სიტუაციებში, უკვე მკურნალობის დასრულების შემდეგ, ასეთი სახის რეაქციების აღკვეთის მიზნით, მიმართავენ რომელიმე ფსიქოტროპული საშუალებით თვითმკურნალობას, რასაც მივყავართ აღნიშნული პრეპარატების ბოროტად გამოყენებამდე (პირობით–რეფლექსური მექანიზმის მიხედვით).
ამრიგად, ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარება, ძირითადად, შეიძლება დამოკიდებული იყოს პირობით–რეფლექსური სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე, რომლის დროსაც ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ხელს უწყობს ფიზოლოგიური დისკომფორტის აღმოფხვრას ან იწვევს ემოციურად დადებითი მდგომარეობის განვითარებას. მოცემული პირობით–რეფლექსური სტერეოტიპის დასაბუთების ფიზიოლოგიურ საფუძველს, როგორც ჩანს, წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენით თავის ტვინის დადებითი და უარყოფითი მხარდაჭერის სისტემების ფუნქციების ცვლილებები.
ფიზიკური მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარებაში, პირობით–რეფლექსური მექანიზმების გარდა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადაპტიური რეაქციები, რაც დაკავშირებულია ორგანოებში იმ რეცეპტორების რაოდენობის და მგრძნობელობის (აფინიტეტის) ცვლილებებთან, რომლებთანაც ურთიერთქმედებენ ფსიქოტროპული ნივთიერებები, მაგალითად ოპიატური რეცეპტორები მორფინის მსგავსი ნივთიერებების მოქმედების დროს, ბენზოდიაზეპინების რეცეპტორები ამ ჯგუფის ტრანკვილიზატორების მოქმედების შემთხვევაში და ა.შ. გარდა ამისა, ფსიქოტროპული საშუალებების ზეგავლენით, ორგანიზმში შეიძლება შეიცვალოს ენდოგენური ნივთიერებების (ლიგანდების) პროდუქცია, რომლებიც ურთიერთქმედებენ იგივე ტიპის რეცეპტორებთან, რომლებთანაც მოქმედებენ ფსიქოტროპული პრეპარატები. მაგალითად ცნობილია, რომ მორფინის სიტემატურად მიღების შემთხვევაში ორგანიზმში ადგილი აქვს ენდოგენური ოპიოიდური პეპტიდების შემცველობის გამოხატულ ძვრებს, ხოლო ფენამინის და სხვა ფსიქოსტიმულატორების მიღების შემთხვევაში ძლიერდება კატექოლამინების ცვლა და იცვლება ციკლური ნუკლეპეპტიდების შემცველობა ცნს–ში. ნეირომედიატორულ სისტემებში ზემოთ აღწერილი ადაპტიური ძვრების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეყვანის შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომის განვითარებას, რომლის კლინიკური სურათისთვის დამახასიათებელია მედიკამენტური დამოკიდებულების გამოწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტების საწინააღმდეგო გამოვლინებები. ასე მაგალითად, მორფინიზმის შემთხვევაში, აბსტინენციის სინდრომისთვის დამახასიათებელია ტკივილები, სალივაციის გაძლიერება, დიარეა. მედიკამენტური დამოკიდებულების განვითარების დროს, ბარბიტურატების მოხსნა იწვევს კრუნჩხვით რეაქციებს, ტრანკვილიზატორების მოხსნა – შიშებს და ა.შ.
ფართო გაგებით, პრეპარატებზე დამოკიდებულების მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ან პროგრესული მიმდინარეობის ზოგიერთი დაავადების თანამედროვე მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებებით ფარმაკოთერაპიის პროცესში, აღნიშნულ მოვლენებს, აგრეთვე, ადგილი აქვთ ჩანაცვლებითი თერაპიის თითქმის ყველა შემთხვევაში. თუმცა, ასეთი სახის მედიკამენტური დამოკიდებულება, ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის კლინიკური სურათის ფარგლებში განვითარებული დამოკიდებულებისგან, უპირველეს ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ დაავადების ფარმაკოთერაპიის მიზნით გამოყენებული პრეპარატის მოხსნა იწვევს აღნიშნული დაავადების გამწვავებას და არა აბსტინენციის სინდრომის ჩამოყალიბებას, რომელიც ასე დამახასიათებელია ფსიქოტროპული საშუალებების მიმართ განვითარებული ფიზიკური დამოკიდებულებისთვის. ასე მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების უეცარ მოხსნას, ბრონქული ასთმის მასზე დამოკიდებული ფორმების დროს, თან სდევს აღნიშნული დაავადების შეტევების გახშირება და დამძიმება, შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მოხსნა ან დოზების შემცირებას – ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა კომის განვითარებამდეც კი, ანტიანგინალური საშუალებების მოხსნას – გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობის დამძიმება და, ზოგჯერ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაც. ამ, და ყველა მსგავს შემთხვევებში, სამკურნალო საშუალებებზე დამოკიდებულება, ძირითადად, განისაზღვრება მათი მაღალი თერაპიული ეფექტურობით შესაბამისი დაავადებების დროს და არ წარმოადგენს არასამედიცინო გამოყენების შედეგს ფსიქიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

განმეორებით გამოყენებისას წამლის მოქმედების თავისებურებანი

კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტის მკურნალობა იშვიათად გულისხმობს წამლის ერთჯერადად მიღებას. პრეპარატის განმეორებით მიღებისას ფარმაკოლოგიური ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მისადმი მგრძნობიარე რეცეპტორების ცვლილების ან ფარმაკოკინეტიკის ცვლილების გამო. ერთი და იგივე სამკურნალო ნივთიერების განმეორებითი შეყვანისას სპეციფიური ფარმაკოლოგიური მოქმედების გაზრდას კუმულაციას უწოდებენ. მატერიალური კუმულაციის დროს ეფექტის გაზრდა განპირობებულია მისი ნელი მეტაბოლიზმისა და გამოყოფის გამო სისხლსა და ქსოვილებში პრეპარატის კონცენტრაციის მუდმივად მომატებით. თერაპიული დოზის განმეორებით მიღებისას ეს შეიძლება ტოქსიური ეფექტების გამოვლენის მიზეზი გახდეს. მატერიალური კუმულაციის საშიშროება იზრდება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას. მაგალითად, სათითურას ჯგუფის საგულე გლიკოზიდები გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ამ პათოლოგიას ხშირად თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაც. ამ პირობებში პრეპარატების ბიოტრანსფორმაცია შენელებულია და ვლინდება მატერიალური კუმულაცია: თავიდან მატულობს თერაპიული ეფექტი, შემდეგ ინტოქსიკაცია. კუმულაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დოზის (შემცირება) და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის (გაზრდა) კორექცია.
ფუნქციური კუმულაციის დროს წამალი ორგანიზმში იწვევს ძნელადშექცევად ან შეუქცევად ცვლილებებს, რჩება კვალის რეაქცია, რის შედეგადაც პრეპარატის განმეორებით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ სისხლსა და ქსოვილებში წამლის კონცენტრაცია შეესაბამება შეყვანილ დოზას, ხდება ეფექტის ბიძგისებურად გაძლიერება. ასეთი ტიპის კუმულაციის მაგალითია ეთილის სპირტის მოქმედება ალკოჰოლიზმით დაავადებულებზე. ”თეთრი ცხელების” სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სპირტის ”ჩვეულებრივმა” დოზამ, დისპომანიის (ალკოჰოლისადმი დაუძლეველი ლტოლვა) პროვოცირება ხდება ალკოჰოლის მცირე დოზით. ფუნქციური კუმულაციის შენარჩუნება ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე ხდება.

წამალთან პირველადი კონტაქტისას შესაძლებელია ორგანიზმის სენსიბილიზება მოხდეს, რაც განმეორებით შეყვანისას ალერგიული რეაქციის განვითარებას გამოიწვევს. ალერგიული რეაქცია (ბერძ. allos – სხვა, არასპეციფიური, ergon – მოქმედება) ნიშნავს ქიმიური ნივთიერების განსაზღვრული ჯგუფისადმი პაციენტის ორგანიზმის იმუნოლოგიურ შეუთავსებლობას. პაციენტისათვის ასეთი სტრუქტურის პრეპარატების დანიშვნა საშიშია.

წამლის განმეორებით შეყვანისას შეიმჩნევა სპეციფიური ეფექტის შემცირებაც. ორგანიზმის წამლისადმი მგრძნობელობის სწრაფად შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს მეტაბოლიტის, სუბსტრატის გამოფიტვით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეფექტი. ამ მოვლენას ტახიფილაქსია ეწოდება (ბერძნ. Tachys – სწრაფი, phylaxis – დაცვა). ტახიფილაქსიას ადგილი აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ზოგიერთი საშუალებისადმი (მაგალითად, ეფედრინი), ნ-ქოლინომიმეტური ჯგუფის ანალეფსიური საშუალებებისადმი (მაგალითად, ციტიტონი). თავდაპირველი ეფექტის აღდგენა ხდება, როცა ნორმალიზდება ბიოსუბსტრატის დონე, რომელთანაც წამალი წარმოქმნის კომპლექსს.

ზოგიერთი წამლის (საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, საფაღარათო საშუალებები) განმეორებით გამოყენებისას ვითარდება მიჩვევა ან ტოლერანტობა (მდგრადობა). ასეთ შემთხვევაში თერაპიული დოზის განმეორებით მიღება უფრო ნაკლებ ეფექტს იძლევა. ამის ყველაზე სარწმუნო მიზეზია ფარმაკოკინეტიკის შეცვლა: შეწოვის შემცირება, ბიოტრანსფორმაციისა და გამოყოფის სიჩქარის გაზრდა. საწყისი ეფექტის მისაღებად საჭიროა დოზის გაზრდა.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ, რომლებიც ეიფორიას იწვევენ, შეიძლება გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის მდგომარეობას, რამდენადაც ასეთი პრეპარატი განმეორებითი კონტაქტისას ერთვება ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმში. არჩევენ ფსიქიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. ფსიქიური წამლისმიერი დამოკიდებულებისას პრეპარატის შეწყვეტა იწვევს ემოციურ დისკომფორტს და თვითმიზანი ხდება პრეპარატის მიღების სურვილი. ფიზიკური წამლისმიერი დამოკიდებულებისას ფსიქიურ ცვლილებებთან ერთდ შეიმჩნევა სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციათა მოშლა. მძიმე მდგომარეობა (აბსტინენცია), რომელიც უვითარდება პაციენტს შესაბამისი ნარკოტიკის არმიღებისას, აიძულებს მიიღოს წამალი უკვე არადანიშნულებისამებრ. წამლისმიერი დამოკიდებულების პარალელურად ხშირად ვითარდება მიჩვევა (ტოლერანტობა) და აბსტინენციის მოსახსნელად საჭირო ხდება ნარკოტიკის უფრო მეტი დოზა. დოზის გაზრდასთან ერთად უფრო მძაფრია მომდევნო აბსტიბნენციის სნდრომი, რაც არღვევს ფსიქიურ და სომატურ ფუნქციებს, ხდება ორგანიზმის ქრონიკული მოწამლვა და პიროვნების მორალური დეგრადაცია.
ნარკომანიის პროფილაქტიკა და მკურნალობა რთული სამედიცინო–სოციალური პრობლემაა. წამლისმიერი დამოკიდებულებით დაავადებულთა მკურნალობა ტარდება სპეციალურ დაწესებულებებში ექიმი-ნარკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ფსიქიური დამოკიდებულებისას შესაძლებელია ნარკოტიკის უეცრად შეწყვეტა, ფიზიკური დამოკიდებულებისას პრეპარატის შეწყვეტამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის სიკვდილიც კი.

წამლისმიერ დამოკიდებულებას იწვევენ ნარკოტიკული ანალგეტიკები, კოკაინი, ეთილის სპირტი, საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცონოგენები და სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნარკოტიკული საშუალებები

ნარკოტიკული საშუალებები (Narcotica; სინ. ნარკოტიკები) _ ტერმინი, რომელიც მედიცინაში გამოიყენება რიგი ნეიროტროპული სამკურნალო საშუალებების ჯგუფური კუთვნილების აღსანიშნავად. მე-19 საუკუნის შუა წლებამდე აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა იმ სამკურნალო საშუალებების მიმართ, რომლებიც იწვევდნენ ცნობიერების, მამოძრავებელი აქტივობის და მგრძნობელობის ცალკეული სახეების დარღვევებს. ამასთან, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში შედიოდნენ ფარმაკოლოგიური აქტივობის, ლოკალიზაციის და ცნს-ზე მოქმედების მექანიზმების მიხედვით, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული პრეპარატები (მაგ., ალკოჰოლი, ოპიუმის, ბანგის, მანდრაგორის და სხ. პრეპარატები), რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენებოდნენ ზოგადი ანესთეზიისთვის და როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ბიოლოგიაში ნარკოტიკულად ითვლება ის საშუალებები, რომლებიც იწვევენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის დაქვეითებას.
მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში ინჰალაციური ნარკოზისთვის პირველი პრეპარატების (დიეთილის ეთერი, აზოტის ქვეჟანგი, ქლოროფორმი) დანერგვის შემდეგ, აღნიშნული ნივთიერებები აგრეთვე ჩართული იქნა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფში. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ფარმაკოლოგიის განვითარების და ნეიროტროპულ სამკურნალო საშუალებების თვისებებზე წარმოდგენების დაზუსტების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფიდან დაიწყო პრეპარატების გამოყოფა დამოუკიდებელი ჯგუფების სახით, რომლებთაც გააჩნდათ საძილე, ანალგეტიკური და ცნს-ზე სხვა სახის ზემოქმედების უნარი. ამის შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” იხმარებოდა უპირატესად იმ სამკურნალო საშუალებების ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც გამოიყენებოდა ნარკოზისთვის. აშშ-ში და რიგ სხვა ქვეყნებში სანარკოზე საშუალებების მიმართ, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან, გამოიყენებოდა სხვა ტერმინი _ “საშუალებები ზოგადი ანესთეზიისთვის” (სინ. “ზოგადი ანესთეტიკები”), რამეთუ ტერმინი “ნარკოზის” მაგივრად, ამ ქვეყნებში ძირითადად იხმარებოდა ტერმინი “ზოგადი ანესთეზია”.
ზემოთაღნიშნულ მნიშვნელობასთან ერთად, ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” (“ნარკოტიკები”) მე-19 საუკუნიდან გამოიყენება იმ ნივთიერებების (მაგ. მორფინი, კოკაინი და სხ) და მათი შემცველი პროდუქტების (მაგ. ოპიუმი, კოკის ფოთლები და სხ) აღსანიშნავად, რომელთა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკომანიის განვითარება. ამ მნიშვნელობით ტერმინი “ნარკოტიკული საშუალებები” ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ნარკოლოგიაში, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებში (იხ. საერთაშორისო სამედიცინო კონვენციები) და საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც რეგლამენტირებენ ნარკომანიის გამომწვევ ნივთიერებებზე კონტროლს. ამრიგად, თანამედროვე პირობებში, ნარკომანიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართებაში ტერმინებმა “ნარკოტიკული საშუალებები” და “ნარკოტიკები” მიიღეს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური და იურიდიული მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ნარკოტიკულ საშუალებებს უნდა მივაკუთვნოთ ის ქიმიური ნივთიერებები ან მათი შემცველი სხვადასხვა წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც შეესაბამებიან მათი შეფასების სამ ურთიერთდამოკიდებულ კრიტერიუმს: სამედიცინო (ნარკომანიის გამოწვევის უნარი), სოციალურ (ნივთიერებების არასამედიცინო გამოყენების სოციალური მნიშვნელობა) და იურიდიულს (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ნივთიერების ნარკოტიკად ოფიციალური აღიარება).

Monday, December 14, 2009

Sunday, November 15, 2009

Monday, October 26, 2009