Monday, March 15, 2010

ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

10 ნაბიჯი ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
შეამცირეთ კიბოს რისკი


1. დაიცავით მარხვა, კონტროლზე აიყვანეთ საკუთარი კვების რეჟიმი, გამოიმუშავეთ ჯანსაღი კვების კულტურა. კვებაზე, როგორც სიცოცხლის შესანარჩუნებელ ძირითად ცხოველმყოფელურ ფუნქციაზე, დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. არასწორი კვება არის მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებისა და ნაადრევი სიკვდილის ძირითადი მიზეზი. სწორი კვებით ადამიანი ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობას, თავიდან იცილებს დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარებას, იკურნება მრავალი სენისაგან, იხანგრძლივებს სიცოცხლეს, იმაღლებს ცხოვრების ხარისხს.
მარხვის დაცვით ადამიანს კონტროლზე აჰყავს საკუთარი კვება, ინარჩუნებს ან აღწევს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს.
კვების რაციონის სწორი შერჩევითა და დიეტის დაცვით ადამიანი გამოიმუშავებს ჯანსაღი ცხოვრების კულტურას, იმაღლებს მის ხარისხს, ხელს უწყობს პიროვნულ შემოქმედებით განვითარებასა და მის მაქსიმალურ გამოვლენას.

2. კვების რაციონში საგრძნობლად შეამცირეთ ცხოველური საკვების, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების, დაკონსერვებული, შებოლილი და დამარილებული საკვები პროდუქტების ხვედრითი წილი. საკვებში ცხოველური ცხიმების მაღალი შემცველობა ზრდის საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
საყლაპავისა და კუჭის კიბოთი ავადობა მაღალია იმ ქვეყნებში და რეგიონებში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული შებოლილი, დამარილებული და დაკონსერვებული საკვები პროდუქტების გამოყენება. უარი თქვით აღნიშნულ საკვებ პროდუქტებზე, და თუ მაინცდამაინც ძალიან გიყვართ ისინი, ხანგრძლივად შეამცირეთ მათი შემცველობა კვების რაციონში.

3. კვების რაციონში საგრძნობლად გაზარდეთ ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის რაოდენობა. ეპიდემიოლოგიური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბოჭკოვანი მცენარეულით მდიდარი საკვები იცავს ადამიანს კოლორექტალური, კუჭისა და რესპირატორული ორგანოების კიბოთი დაავადებისაგან. გარდა ამისა, მცენარეული საკვები პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებს.

4. მეტი რაოდენობით მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები და ზომიერად-მინერალები. ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავენ მცენარეული საკვები პროდუქტები და ხილის ნატურალური წვენები, ხოლო მინერალებს-ბუნებრივი მინერალური და წყაროს წყლები. ვიტამინი A ხელს უწყობს ადამიანის დაცვას საყლაპავის, ხორხისა და ფილტვის კიბოსაგან. მას დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო. ვიტამინი ჩ იცავს ადამიანს საყლაპავის, კუჭისა და ფილტვის კიბოთი დაავადებისაგან. მას დიდი რაოდენობით შეიცავენ ციტრუსები. უპირატესობა მიანიჭეთ ხილის ნატურალურ წვენებს. საქართველოს მინერალური და წყაროს წყლები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს.

5. კონტროლზე აიყვანეთ საკუთარი წონა, ასევე კვების რაციონში შაქრის, საკონდიტრო და ცომეული ნაწარმის რაოდენობა და სიხშირე, ვარჯიშით, სპორტითა და წყლის პროცედურებით გაიკაჟეთ ჯანმრთელობა. სიმსუქნის დროს იზრდება მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკი. ჭარბი წონა დაკავშირებულია საშვილოსნოს ტანის, ნაღვლის ბუშტის, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. ჭარბ ცხიმოვან ქსოვილში ანდროსტენდიოლი გარდაიქმნება ესტრადიოლად, ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ჰიპერესტროგენია ქალის სასქესო ჰორმონის კონცენტრაციის მომატება სისხლში, რითაც ხელსაყრელი პირობები იქმნება ჰორმონო-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვის. დაბალკალორიული კვება და ფიზიკური ვარჯიში დაგიცავთ ჭარბი წონისაგან. ფეხით სიარული, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული იშემიური დაავადებების დროს და სირბილი წარმოადგენს ვარჯიშის იდეალურ ფორმას მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ინდივიდუალური რეკომენდაციები აქტიური სპორტისა და სპეციალური დიეტის შესახებ მიიღეთ თქვენი ოჯახის ექიმისგან.

6. უარი თქვით თამბაქოს მოწევაზე. თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს აეროდიგესტიური, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს, ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, წარმოადგენს სიკვდილის ძირითად მიზეზს, საზოგადოებას აყენებს უდიდეს ინტელექტუალურ და ეკონომიურ ზარალს, აფერხებს მის განვითარებას.
კიბოს გამომწვევ ძირითად მიზეზთა შირის თამბაქოს მოწევა წარმოადგენს უდიდესი რისკის ფაქტორს. ამ ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს 30%-ის განვითარება. ფილტვის კიბოს 90% გამოწვეულია თამბაქოს მოწევის მიზეზით. თამბაქოს შემადგენელი და მისი წვის შედეგად წარმოქმნილი მაღალი კონცენტრაციების კარცეროგენული ნივთიერებების ქრონიკული ზემოქმედების მიზეზით ვითარდება ასევე პირის ღრუს, ხორხის, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და რეპროდუქციული სისტემების ორგანოთა კიბო.
თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორიცაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი.
ქრონიკული ტოქსიკური და კარცინოგენული ზემოქმედების შედეგად თამბაქოს მწეველთა 80%-ზე უნვითარდება გენეტიკური, მათ შორის P53 გენის დაზიანება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს განვითარებაში. ამავე დროს, მწეველთა ორგანიზმში მატულობს ინსულინის, გასტრინ-როლიზინგ პეპტიდეს რეცეპტორთა რაოდენობა, ირღვევა უჯრედთა გაყოფის რეგულაცია, რომლის შედეგად იწყება არაკონტროლირებადი სიმსივნური ზრდა, კიბოს განვითარება, იმუნური და ფსიქიური დეპრესია, ავთვისებიანი პროცესის პროგრესირება, და საბოლოო ჯამში, სიკვდილის ეს მექანიზმი სრულდება თამბაქოს მიზეზით კიბოთი დაავადებული ადამიანის გარდაცვალებით.
თამბაქოს მოწევის შედეგად განვითარებული დაავადების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 400 000 - 500 000 ადამიანი იღუპება. თამბაქოს მწეველთა ოჯახში მცხოვრები 10 ბავშვიდან 9 დაუცველია თამბაქოს პასიური წევისაგან. თამბაქოს პასიური მოწევის შედეგად მსოფლიოში 700 მილიონი ბავშვი იმყოფება თამბაქოს კვამლის საზიანო ზემოქმედების "ექსპოზიციის" ქვეშ. ექსპოზირებულ ბავშვთა 70% -ზე მეტს მომატებული აქვს რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის ფილტვების ფუნქციის დაქვეითების, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის, ბრონქული ასთმის რისკი. გარდა ამისა, თამბაქო ბავშვთა 30%-ში იწვევს სმენის დაქვეითებასა და დაყრუებას. ბავშვთა სიკვდილიანობის 25 დაკავშირებულია თამბაქოს კვამლის ექსპოზიციასთან.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემოსაღებია თამბაქოს ნაწარმში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის მარეგლამენტირებელი სანიტარულ-ჰიგიენური სახელმწიფო სტანდარტები, რომელთა სავალდებულო დაცვის მონიტორულ კონტროლზე აყვანით შემცირდება აქტიურ და პასიურ მწეველთა ტოქსიკური და კარციროგენული დატვირთვა. განათლების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლის დაწყებითი კლასებიდან შემოსაღებია ჯანმრთელი ცხოვრების წესის სასწავლო პროგრამები. მას-მედიის საშუალებებმა თავიანთ პროგრამებში უნდა გაზარდონ ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ მოსახლეობის სანიტარული განათლება და მავნე ჩვევების უფასო ანტი-რეკლამირება. პარლამენტის მიერ მისაღებია კანონთა ინტრასექციული პაკეტი, რომელიც ადეკვატური ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ფორმის შემოღების საშუალებით მოახდენს თამბაქოს ნაწარმის წარმოებს, ექსპორტ-იმპორტისა და ვაჭრობის რეგლამინეტირებას; აკრძალავს მის რეკლამირებას ყველა სახის საშუალებით და შემოიღებს უფასო ანტი-რეკლამირებას; დააწესებს სავალდებულო ტესტირებას, სააქციო გადასახადებსა და ჯარიმებს; დაიცავს არამწეველ მოსახლეობას თამბაქოს კვამლის ჯანმრთელობისათვის საზიანო და სიცოცხლისათვის საშიში ზემოქმედებისაგან.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია გაფრთხილებთ, რომ თამბაქოს მოწევა საშიშია თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების სიცოცხლისათვის.

7. უარი თქვით თქვით შემთხვევით სექსუალურ კავშირებზე. არაკონტროლირებადი სექსუალური ცხოვრების დროს ძალზე მაღალია საქსუალური გზით გადამდებ დაავადებათა განვითარების რისკი. საკმარისია ერთი შემთხვევითი სექსუალური კავშირი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, როგორც შიდსის (HIV), ისე სექსუალური გზით გადამდები სხვა მრავალი ვირუსითა და ბაქტერიით. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) მტარებელ პაციენტებში ვითარდება ავთვისებიანი დაავადება - კაპოშის სარკომა. ადამიანის პაპილომისა (HPV) და მარტივი ჰერპეს (HSV) ვირუსებით ინფიცირებულ პაციენტებში ძალზე მაღალია გენიტალური ორგანოების კიბოს განვითარების რისკი.

8. დაიცავით ზომიერება ალკოჰოლური სასმელების მიღებისას. თუ თქვენ ბევრს სვამთ, მაღალია თქვენი ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკი. თუ სმასთან ერთად თამბაქოსაც ეწევით, კიდევ მეტად იზრდება თქვენი პირის ღრუს, ხორხისა და საყლაპავის კიბოთი დაავადების რისკი. თუ მაინც იძულებული ხართ მიიღოთ ალკოჰოლი, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია გირჩევთ დაიცვათ ზომიერება - დალიოთ ქართული ნატურალური ღვინო.

9. უარი თქვით ნარკოტიკების მიღებაზე. ნარკოტიკული ნივთიერებების ყოველ მიღებასთან ერთად იზრდება მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკი. ნარკოტიკული ნივთიერებები იწვევენ ადამიანის ფიზიკურ და სულიერ დეგრადაციას, წარმოადგენენ ნაადრევი სიკვდილის მიზეზს.

მარიხუანა შეიცავს უფრო მეტი რაოდენობის კუპრსა და კარციროგენულ ნივთიერებებს, ვიდრე თამბაქო, შესაბამისად, მარიხუანას რეგულარული მწეველები არიან კიბოთი დაავადების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე თამბაქოს მწეველები. ნარკომანებში, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს იღებენ ინტრავენურად, მაღალია დაავადების რისკი ინფექციური ჰეპატიტით (ბოტკინის დაავადება), შიდსით, კაპოშის სარკომით, ღვიძლის ცეროზითა და კიბოთი. ნარკოტიკული ნივთიერებების ინტრავენური გზით მომხმარებელთა უმრავლესობა წარმოადგენს B და C ჰეპატიტის ვირუსების მტარებელს. B და, განსაკუთრებით, C ჰეპატიტის ვირუსები განეკუთვნებიან ღვიძლის კიბოს ეთიოლოგიურ ფაქტორებს. ეთიოლოგიური ფაქტორების ქრონიკული ექსპოზიციის გამო ნარკომანთა აღნიშნულ კონტიგენტში განსაკუთრებით მაღალია ღვიძლის კიბოთი დაავადების რისკი. რის გამოც ისინი საჭიროებენ სპეციალურ კონტროლზე აყვანას და სამედიცინო დახმარებას.

10. თავი მოარიდეთ დასხივებას და მზის სხივებით გადამეტებულ გარუჯვას. მაიონიზირებელ რადიაციასთან, მზის ულტრაიისფერი სხივების დიდი დოზებით მიღებასთან და მაგნიტური ველების ქრონიკულ ზემოქმედებასთან მიზეზ-შედეგობრივად არის დაკავშირებული კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სხვა მრავალი ორგანოს კიბოს, სისტემური ავთვისებიანი დაავადების, ლეიკოზების, სისხლის ავთვისებიანი დაავადებების და სხვა დაავადებების განვითარება. დაიცავით თავი მზის სხივების ზემოქმედებისაგან 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობით, განსაკუთრებით მზის მაქსიმალური აქტივობის საათებში-დღის 11-დან 15 საათამდე, ასევე უარი თქვით ხელოვნურ გარუჯვაზე.



ნარკოტიკები

ნარკოტიკულ ნივთიერებებს გააჩნიათ თვისება, ისე იმოქმედონ ადამიანზე, რომ გამოიწვიონ ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევა - დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანი "ზარმაცდება", მას აღარ სჭირდება გარემოში ეძიოს სიამოვნების მომტანი ახალი მოვლენები თუ ურთიერთობები, იყოს ინტერესიანი და მიზანდასახული. ყველაფერ ამას "კაიფი" და ნარკოტიკის მორიგი დოზა უცვლის, რომლის მოპოვებაც თავისთავად იქცევა ცხოვრების მთავარ მიზნად. ფიზიკურ დამოკიდებულებას კი იმ ნეიროქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების დარღვევა განაპირობებს, რომელიც უზრუნველყოფენ სიამოვნების ბუნებრივ პროცესს. საბოლოო ჯამში, ნარკომანის ცხოვრებას მთლიანად ნარკოტიკი განსაზღვრავს.


ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს

ახალ ზელანდიელი მეცნიერების გამოკვლევით, კანაბისის სახელით ცნობილი ნარკოტიკის ერთი პაპიროსის მოწევა ადამიანის ფილტვებზე იგივე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რასაც 5 ღერი სიგარეტი.
ბრიტანულ ჟურნალ "სორაქსში" გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს ნარკოტიკი ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.
ექსპერიმენტში 339 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებშიც არა მწეველებთან ერთად კანაბისის და თამბაქოს მოყვარულებიც შედიოდნენ. კანაბისის მწეველებს ძლიერი ხველება, ქშენა და მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდათ. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ემპიზემის სახელით ცნობილ ფილტვების დაავადებას მხოლოდ თამბაქოს მოხმარება იწვევს.

2 comments:

  1. au damezara bolomde wakitxva mara dasawyisi kai konda... :D:D:D neta shentviton mainc tu gak es bolomde wanakitxi... :D:D:D

    ReplyDelete